შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.დ. ქურდობის ბრალდებით დააკავა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1993 წელს დაბადებულ თ.თ.-ს ლომბარდში მართვის უფლებით დაგირავებული, მისივე კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა გადაფორმების გარეშე, შეძენის და ლომბარდიდან გამოსყიდვის პირობით გამოართვა. მას შემდეგ, რაც განსაზღვრულ დროს ლომბარდში თანხის გადახდა არ დაფიქსირდა, თ.თ. დაუკავშირდა გ.დ.-ს, რომელმაც განუმარტა, რომ ავტომანქანის შეძენა აღარ სურდა და რამდენიმე დღის შემდეგ დაუბრუნებდა, რადგან იგი შეკეთებას საჭიროებდა. თ.თ.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ გ.დ.-მ აღნიშნული ავტომანქანა ნაწილებად დაშალა და რამდენიმე მათგანი გაყიდა. სამართალდამცველებმა მანქანის მოპარული ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.