შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.თ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, მ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში შეფუთული ფხვნილი ამოიღეს. ბრალდებულმა გამოკითხვისას აღიარა, რომ ამოღებული ფხვნილი მისი კუთვნილი იყო და ნარკოტიკულ საშუალებას - ე.წ. „სირეცს“ წარმოადგენდა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მ.თ.-ს ნარკოტიკული საშუალებების - ოპიუმისა და ამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.