შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1976 წელს დაბადებული გ.გ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ტ., ქურდობის ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ტელევიზორი და ელექტროხერხი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან 3 საათში, მცხეთაში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).