შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით ორი ადამიანი: 1970 წელს დაბადებული ა.მ. და 1966 წელს დაბადებული გ.ტ. დაჭრა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა, ორივე დაჭრილი სტაციონარში გადაიყვანეს.
სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ერთ-ერთი მათგანი - ა.მ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლანჩხუთის რაიონში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.