შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად 1977 წელს დაბადებული დ.ლ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ლ.-მ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მდებარე მსხვილფეხა საქონლის ბაზრობაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 1986 წელს დაბადებულ რ. ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით.