შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 30 ივლისს, ღამით, ახალგაზრდა ქალმა გლდანში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დახმარება სთხოვა. ქალმა, ასევე, გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ აცნობა და პატრულ-ინსპექტორებს მოძალადის - მისთვის უცნობი ტაქსის მძღოლის მონაცემებიც აღუწერა. ქალი სხეულზე მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი დ.ც. დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.
გამოძიება ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.