შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული შ.ი. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე ა.კ.-ს მიმდინარე წლის 17 იანვარს დაუკავშირდა თავისი მეზობელი - ი.რ. და შეხვედრა სთხოვა. იგი ი.რ.-სა და მის ნაცნობს - შ.ი.-ს 18 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, სკვერში შეხვდა. ი.რ.-მ გარკვეული თანხა სთხოვა ა.კ.-ს, რაზეც მან უარი უთხრა. ასევე, დადგინდა, რომ ი.რ.-მ, სასურველი თანხის მიღების მიზნით, ა.კ.-ს მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება სთხოვა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგაც მათ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით.