შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით.
გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა კიდევ 4 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ: 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. 1979 წელს დაბადებული ვ. გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
1996 წელს დაბადებული ი. მ. სამართალდამცველს ურტყამდა რეზინის ხელკეტს და შეკრებილებს მოუწოდებდა პოლიციელებზე თავდასხმისკენ. რაც შეეხება, 1997 წელს დაბადებულ მ. ფ. - ს, იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით, პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა მათზე.
აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დღეის მდგომარეობით პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესს ინტენსიურად აგრძელებს. მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას.