შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა გახსნეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მოწვეულ სტუმრებს არასრულწლოვანთა დანაშაულის გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და პრევენციის მიზნით სამინისტროს მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, არ არის საკმარისი ცალკეული სახელმწიფო უწყებების ძალისხმევა და საჭიროა მათ შორის კოორდინაციის გაზრდა. მხოლოდ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით არის შესაძლებელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია.
არასრულწლოვანთა დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ აღინიშნა.
კერძოდ, 2018 წელს გადამზადდა პოლიციის ასეულობით თანამშრომელი, თბილისის მასშტაბით გამოიყო გამომძიებლები, რომლებიც მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებენ, დაინერგა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისა და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, რუსთავში მოეწყო არასრულწლოვნის გამოკითხვის სივრცე, ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა რისკის ჯგუფის ბავშვებთან, მომზადდა და მთავრობას წარედგინა კანონპროექტი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ასევე, მთელი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი.
სამინისტრო 2019 წელსაც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. დანაშაულის პრევენციის მიზნით, შეიქმნება სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზა, რომლის საშუალებითაც მოძალადეთა მონიტორინგი განხორციელდება. გააქტიურდება მუშაობა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენის მიზნით. მართლწესრიგის ოფიცრები აქტიურად ჩაერთვებიან ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვების იდენტიფიკაციის პროცესში.
არასრუწლოვანთა დანაშაულის გამოწვევის მიზეზების უკეთ გაანალიზების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მონაცემები წარმოადგინა.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს შორის 42% იყო ოჯახში ძალადობა, 22% - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, 13% - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, 12% - სექსუალური ძალადობა (ამათგან, 7% ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი), 10% - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ხოლო 1% - სხვადასხვა სახის დანაშაული.
ამ მიმართულებით ძირითად პრობლემად გამოიკვეთა მსხვერპლების, მათი მშობლებისა და იმ პირთა მხრიდან საგამოძიებო ორგანოსათვის დაგვიანებით მომართვა, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.
რაც შეეხება არასრულწლოვანთა (14-დან 18 წლამდე პირთა) მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 78% იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, 11% - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, 2% - ნარკოტიკული, 2% - სატრანსპორტო, ხოლო 6% - სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
ამ მიმართულებით, ძირითად პრობლემას წარმოადგენს ბავშვებთან კომუნიკაციაში მყოფი უწყებების მხრიდან ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციისაკენ მიმართულ სერვისებში მათი დროულად ჩართვა. დანაშაულის ჩამდენი ბავშვების 90% ჩართულია სასწავლო პროცესში, თუმცა, მათი უმრავლესობის აკადემიური მოსწრება არის საშუალო ან დაბალი და ისინი სწავლის შემდგომაც არ არიან ჩართულნი სპორტულ, სახელოვნებო ან სხვა აქტივობაში.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით გამართული ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ,,თბილისი მერიოტში“ გაიმართა.