შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაია და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ბექა დოჭვირი უძღვებოდნენ.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სამინისტრო არასრუწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და ამ დანაშაულის დროული გამოვლენის მიზნით, რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით იმუშავებს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებები.
შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.