ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ახალგახსნილი შენობა დაათვალიერა.
შენობა და იქ განთავსებული საექსპერტო ლაბორატორიები, ბალისტიკური ექსპერტიზის ტირი, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, საცავები და საოფისე სივრცე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ახალი შენობა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. INL-მა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ნარკოტიკებისა და უცნობი ნივთიერებების მაღალი სიზუსტის კვლევის 2 სისტემა საჩუქრად გადასცეს. დეპარტამენტმა კრიმინალისტიკური ჯგუფების შემთხვევის ადგილზე გადასაადგილებლად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსგან „ტოიოტა ფორტუნერის“ მოდელის 2 ავტომანქანაც მიიღო.
შენობის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის წევრები, ევროკავშირის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს და FBI-ს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
შენობა, სადაც ახალი ლაბორატორიები მოეწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა.