საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების კურსი შსს-ს აკადემიაში გახსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ჭანტურიამ, შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და აკადემიის სხვა წარმომადგენლებმა. ღონისძიებას, შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ოჯახში ძალადობის საკითხებზე სწავლებას „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები წარუძღვებიან. ამ ეტაპზე გადამზადების კურსს თბილისის მასშტაბით უკლებლივ ყველა პატრულ-ინსპექტორი გაივლის.
აღნიშნული კურსის მიზანია სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება მსხვერპლთან, მოძალადესთან, მოწმესთან კომუნიკაციის პრობლემის იდენტიფიცირებისა და სამართლებრივად სწორად გადაწყვეტის კუთხით. ტრენინგზე ინტერაქტიულ რეჟიმში მოხდება როგორც მომხდარი შემთხვევების, ასევე თეორიული საკითხების საფუძვლიანი განხილვა.
გადამზადების ანალოგიური კურსი, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებისთვის წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ტარდებოდა. მასში თითოეული დანაყოფიდან შერჩეულმა ორ-ორმა უბნის ინსპექტორმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები წარმართავდნენ.
გადამზადების ყველა ის კურსი, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის საკითხებზე ატარებს, მიზნად ისახავს სამართალდამცველების უნარ-ჩვევების ამაღლებას ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კუთხით.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა: „ჩვენ დღეს ვიწყებთ საპატრულო პოლიციის დანაყოფებთან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, თუმცა ამა წლის 5 ივლისიდან დღემდე, 385-მა უბნის ინსპექტორმა უკვე გაიარა ეს კურსი და შესაბამისად 4 ასეული ჩაერთვება დღეს საპატრულო პოლიციიდან ამ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში და მომავლაშიც ვაგრძელებთ ამ ტენდენციას, რასაც ჰქვია პოლიციელების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით. ჩვენ ასევე შევქმენით კომისია, მოგეხსენებათ უწყების ფარგლებში და ეს კომისია ერთგვარ კოორდინაციას უწევს ყველა იმ პოლიციელს, იქნება ეს უბნის ინსპექტორი თუ საპატრულო პოლიციელი, რომელიც ჩართულია ამ საქმეში, კერძოდ რასაც ჰქვია შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ანუ პრევენციული მიზნით მოქმედება, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალადობა ოჯახში, ასევე რეაგირება მოძალადის შეპყრობისა და დაკავების მიზნით. მთელი რიგი, ასევე საკანონმდებლო ინიციატივები მომზადდა, სხვათაშორის სიმბოლურად დღეს დაიწყებს პარლამენტი მათ განხილვას. ასე, რომ კომპლექსური ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის ანგარიშვალდებულების სისტემა შევქმენით, როდესაც თითოეული პოლიციელი იქნება ვალდებული მოგვაწოდოს ინფორმაცია თვეში ერთხელ თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით“.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, „საპატრულო პოლიციის თითოეული თანამშრომელი მზადყოფნაშია, რომ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი მოსახლეობა მშვიდად. ჩვენ ერთობლივად გვინდა, რომ ეს კამპანია ვაწარმოოთ, იმიტომ რომ არ შეიძლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მხოლოდ პოლიციელს გადავაბრალოთ თუ რაიმე ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა გადაინაწილოს ყველა სტრუქტურამ, ყველას აქვს ძალიან დიდი როლი იმისთვის, რომ იყოს ქვეყანაში სიმშვიდე. მათ შორის ძალიან ბევრ უწყებას და რაც მთავარია საზოგადოებას ერთად. სწორედ თანხმობაში და ჩვენი კომიტეტი არის მზად, რომ გააგრძელოს ამ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა. ჩვენ მათთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, პოლიციელებთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად ყველამ ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, რომ ძალადობის ფაქტები დავიყვანოთ მინიმუმამდე და საერთოდ შევძლოთ ის, რომ სრულიად მშვიდ გარემოში ვიყოთ, მაგრამ ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს პოლიციასთან ერთად და ეს არის თავისთავად შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი და განსაკუთრებით საპატრულო პოლიციის როლი, ბუნებრივია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდევ ერთელ ვამბობ, ერთად, მათთან ერთად იმიტომ, რომ ყველა უწყებას და განსაკუთრებით რამდენიმე უწყებას საზოგადოებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოება გრძნობდეს თავს მშვიდად და უსაფრთხოდ და ის, რომ დღეს არის ვითარება, როდესაც მაქსიმალურად შესაძლებელი გახდა თავიდან აცილება ძალიან ბევრი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებით ეს არის, მე ვიქრობ იმ ახალი, სრულიად ახალი ღია პოლიტიკის, დეპოლიტიზირების ამ სისტემის რომელმაც ბუნებრივია შედეგი უკვე მოგვცა“.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროს ეკატერინე სხილაძის თქმით, „მისასალმებელია ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა უკვე უბნის ინსპექტორთა ნაკადი და ასევე იგეგმება საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მომზადება ოჯახში ძალადობის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო და აგრძელებს მუშაობას ამ სწავლების პროცესში. ჩვენ ვაფასებთ დადებითად იმ აქტივობას, რასაც ტრენინგის მონაწილეები იჩენენ თემისადმი, თუმცა მომავალშ საჭიროა ამ ადამიანებისათვის უწყვეტ რეჟიმში დამატებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფა“.