შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოგეშვარ სანგვანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, არალეგალური მიგრაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
შალვა ხუციშვილმა და იოგეშვარ სანგვანმა ხაზგასმით აღნიშნეს „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობა, რომლის პროექტიც ინდოეთის მთავრობას განსახილველად მიმდინარე წლის აპრილში გადაეგზავნა. მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმების პროექტის ტექსტზე შეჯერდებიან, დაიგეგმება საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრების ოფიციალური შეხვედრა და შეთანხმების ხელმოწერა.
მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ინდოეთის მოქალაქეთა სტატისტიკური მონაცემები განიხილეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტია.