შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის - „CARNEY“-ის მეზღვაურებმა შავ ზღვაზე ერთობლივი წვრთნები და სახომალდე სწავლებები ჩაატარეს.
სანაპირო დაცვის 3 საპატრულო კატარღისა და ამერიკული ხომალდის მონაწილეობით, ღია ზღვაში, ერთობლივი საზღვაო მანევრები და სააბორდაჟო წვრთნები გაიმართა, რომლებიც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას მოიცავდა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკული ხომალდის ბორტზე პირველადი დახმარების აღმოჩენის კურსიც ჩაუტარდათ.
ერთობლივი წვრთნები აშშ-ს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ურთიერთმოქმედების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
საქართველოში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის - „CARNEY“-ის ვიზიტის მიზანი იყო შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების განხორციელება, რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა, საზღვაო კომპონენტებთან მათი თავსებადობის ამაღლება და საქართველო-ამერიკის საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება.