შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოტანის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ფარიზ კ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ფარიზ კ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 585 სინჯის ოქროს სამკაულები საერთო წონით – 1 კილო და 48 გრამი, რომელთა საბაზრო ღირებულება 59 450 ლარს შეადგენს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ოქროს ნაკეთობები საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
გამოძიება დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით). გამოძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.