საქართველოს ვიცე პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებშიც შეხვედრები იმართება აშშ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის პირებთან.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელთან ფილიპ დოლიფთან გამართა.
შეხვედრაზე სასაზღვრო უსაფრთხოების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებული ორმხრივი პროექტები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე.
მინისტრმა აშშ–ს მხარეს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და მზადყოფნა გამოხატა ხელი შეუწყოს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და დონორია სასაზღვრო უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.