საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 პოლიციელი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორს, მაია ფელიშვილს, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს: ვლადიმერ ადამიას, ნინო დუმბაძეს, კახა ტაბატაძეს და პაატა მოსულიშვილს ღირსების ორდენები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდა.
„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების როლი. პოლიციის მხრიდან დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სწრაფი რეაგირება და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა დანაშაულის ეფექტიან პრევენციას უწყობს ხელს. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააძლიერებს გამომძიებელთა შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და აქტიურად ითანამშრომლებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.