შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული მამუკა მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა „112“-იდან მიიღო შეტყობინება, რომ ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, ღამის საათებში, მეზობლებს ხმაურით აწუხებდა მოქალაქე, რომელსაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულმა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მამუკა მ-ს მოსთხოვა წარმოედგინა საბუთები. იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ადგილიდან მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მამუკა მ. ადგილზევე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას დანა, „ჩე-ზე 75 ბ“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდითა და 15 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პისტოლეტი 2002 წელს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთი ბინის დაყაჩაღებისას გაიტაცეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).