შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა გაეროს კატასტროფების რისკების შემცირების ოფისთან თანაორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სემინარში - „კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნულ პლატფორმათა სახელმძღვანელო პრინციპები“ მიიღეს მონაწილეობა. სემინარის მონაწილეებმა ,,ჰიოგოს’’ სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის განსახორციელებლად, ეროვნული ინიციატივები, არსებული გამოწვევები, საჭიროებები და რეკომენდაციები განიხილეს. განისაზღვრა 2015 წლის შემდგომი სტრუქტურის ეფექტური ეროვნული პლატფორმის გაძლიერებისა და უსაფრთხო პოლიტიკის შესაძლებლობანი.
სემინარი სიტყვით გახსნა სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა. მან სემინარის მონაწილეებს საქართველოში ,,ჰიოგოს’’ მოქმედებათა ჩარჩო-პროგრამის სამომავლო ხედვა გააცნო და საქართველოში ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმებთან დაახლოების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული პლატფორმა - საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო განიხილავს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში. კატასტროფების რისკების შემცირების ჩარჩო-პროგრამის მეორე ეტაპზე, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, (2015 წლის შემდეგი პერიოდი) საქართველოს პრიორიტეტს წარმოადგენს კატასტროფების რისკების მართვის გეგმის სრულყოფა, ასევე, კატასტროფების რისკის შემცირების სწავლების განვითარება უმაღლეს საგანმანათლებლო დონეზე და ამ სფეროში სამეცნიერო დაწესებულებების მაქსიმალური ჩართულობა.
სემინარს დაესწრო 9 ქვეყნის 35 მონაწილე (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, გერმანია, იაპონია, შრი-ლანკა, თურქეთი), რომლებმაც ეროვნული პლატფორმის პროგრესი, გამოწვევები და სახელმძღვანელო პრინციპები განიხილეს. მათ კატასტროფების რისკების შემცირების ეროვნული პლატფორმისა და ეროვნული კოორდინაციის მექანიზმის შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციები წარადგინეს.
ღონისძიების დასასრულს, სემინარის მონაწილეებმა სენდაის კონფერენციისთვის სემინარის განმავლობაში შემუშავებული რეკომენდაციები და მონაცემები შეაჯამეს. სემინარის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს ეროვნული კოორდინაციისა და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობა. სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა სემინარის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები სათანადოდ იქნება გათვალისწინებული ქალაქ სენდაიში დაგეგმილ გაეროს მსოფლიო კონფერენციაზე.