შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის რეფორმა გრძელდება. ქვეითი პატრულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. შესაბამისად გაფართოვდა მათი სამოქმედო არეალიც. დღეიდან 20 ჯგუფად დაკომპლექტებული ქვეითი პატრულები ვაკის პარკში, ლისის და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე დედაქალაქის სტუმრების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავენ.
თავდაპირველად ქვეითი პატრულ-ინსპექტორები 10 ჯგუფად იყვნენ დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ისინი დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში პატრულირებას ახორციელებდნენ: შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, ზაარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის გამზირებსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე.
ქვეით პატრულ-ინსპექტორებს გააჩნიათ თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.