შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობის და ძარცვის მცდელობის ფაქტებზე, 1980 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეული-კაზრეთის რკინიგზის სოფელ ჭაპალის მონაკვეთზე ლიანდაგიდან დეტალების მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც ის ამავე ტერიტორიაზე მომუშავე რკინიგზის თანამშრომელმა - რ.ა.-მ შენიშნა. ე.ა.-მ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ნაძარცვი დეტალებით მიმალვას აპირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
პოლიციამ ნაძარცვი დეტალები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ასევე დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს მარნეული-კაზრეთის რკინიგზის 27-ე კილომეტრიდან ლიანდაგის დეტალები მოიპარა.
გამოძიება ძალადობით ჩადენილ ძარცვის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.