შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული გ.კ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა თბილისში, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაძარცვი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოკითხვისას გ.კ.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ძარცვის კიდევ ორი ფაქტი აღიარა. კერძოდ, არასრულწლოვანი ალ.ყაზბეგის გამზირზე მდებარე სავაჭრო ჯიხურებიდან რამდენიმე კოლოფ სიგარეტს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
გამოძიება ძარცვის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.