ცნობილი იაპონური ტრანსნაციონალური კომპანია NEC Corporation, რომელიც მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ NEC Corporation-მა, შპს „კაპიტალ სისტემს“-თან თანამშრომლობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახის ამოცნობის მოწინავე სამეთვალყურეო სისტემის მიწოდება უზრუნველყო.
სტატიის თანახმად, აღნიშნული სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში, თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ამოქმედდა. პროგრამის გააქტიურება, საწყის ეტაპზე, 400 ვიდეოსამეთვალყურეო კამერაზე იგეგმება.
სისტემა იყენებს რეალურ დროში ვიდეოს სახის ამოცნობის პროგრამულ უზრუნველყოფას - NeoFace Watch-ს, რომელიც მსოფლიოში ამოცნობის ყველაზე მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. პროგრამა კამერებით დაფიქსირებულ სურათებს ეჭვმიტანილების და სისტემაში დარეგისტრირებული სხვა პირების სურათებთან ადარებს, რაც საშუალებას იძლევა, სწრაფად და ზუსტად მოხდეს პირების იდენტიფიცირება.
აღნიშნული სისტემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში დაინერგა, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესება. საქართველო ასევე გეგმავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამატებით ათასობით კამერის დამონტაჟებას.
„სახის ამოცნობის ტექნოლოგიით გაუმჯობესებული სათვალთვალო სისტემების შეთავაზებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ დანაშაულის პროაქტიულ პრევენციას და სისხლის სამართლის საქმეების ეფექტურ გამოძიებას. NEC-ი ყოველთვის ცდილობს საზოგადოების უზრუნველყოფას ტექნოლოგიის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ სახის ამოცნობის ახალი ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებას როგორც საქართველოსათვის, ასევე, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის,“- განაცხადა NEC-ის ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მმართველმა დირექტორმა ტომოკი ნაკამ.
აღსანიშნავია, რომ NEC-ის ვიდეოსახის ამოცნობის პროგრამულმა უზრუნველყოფამ ამერიკის სტანდარტებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (NIST) ტესტში პირველი ადგილი დაიკავა.