შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის დანაყოფის 31 მეხანძრე-მაშველს რესპირატორული დაცვის საშუალებების გამოყენებისა და მოვლის საკითხებზე თელავში სამდღიანი თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდა. ტრენინგს თელავთან დამეგობრებული ქალაქიდან - ბიბერახიდან მოწვეული გერმანელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
სწავლების მიზანი მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის ამაღლება და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება იყო. ტრენინგი ბიბერახის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
ტრენინგის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ბიბერახის პარტნიორი ქალაქების განყოფილების უფროსი საბინე ენგელჰარდტი, ბიბერახის საკრებულოს წარმომადგენელი რაინერ ეტცინგერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
რამდენიმე წელია თელავისა და ბიბერახის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიაში ღონისძიებები მუდმივად ტარდება.