შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ. ხანძრის ქრობის პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ჩაერთო. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა, მეხანძრე-მაშველების ოპერატიული და ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება მალევე აღმოიფხვრა. მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ შექმნია. ამ დროისთვის მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.