შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
შეტყობინება ხანძრის თაობაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დღეს, 20:07 საათზე შევიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 3 წუთში, 20:10 საათზე მივიდნენ. ძლიერი ხანძრის გამო საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების მობილიზება. ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
პირველივე წუთებში, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერის ახლოს მდებარე შენობიდან კომპანიის 10-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.