შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალი კურსის პრეზენტაციას დაესწრო და სტუმრებს სიტყვით მიმართა. კურსი ევროპის საბჭოს პროგრამის - „HELP“-ის ფარგლებში ხორციელდება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მსგავსი კატეგორიის დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლა, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ვგულისხმობ და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა მინიმალურად იყოს დაყვანილი მსგავსი კატეგორიის დანაშაული. ჩვენი მხრიდან, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება. ვთანამშრომლობთ ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან", – განაცხადა კახა საბანაძემ.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ვანო ბოლქვაძე,
ახალი სასწავლო კურსი გამომძიებლებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისაა განკუთვნილი.
ევროპის პროგრამა ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ (HELP) მხარს უჭერს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, განახორციელონ ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. პროგრამის მიზანია გამომძიებლებისა და პროკურორების შესაძლებლობების გაზრდა ევროკავშირის წევრ 47 სახელმწიფოში, რათა მათ გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ყოველდღიურ საქმიანობაში.