შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსის მეთაური, გენერალ–ლეიტენანტი ტულიო დელ სეტე დელეგაციასთან ერთად ეწვია. კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
შს მინისტრმა იტალიის კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს უწყებაში, კერძოდ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
„ჩვენ ვიცით, რომ იტალიის კარაბინიერთა კორპუსს გააჩნია უდიდესი გამოცდილება და მისი საქმიანობა სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ იტალიის კარაბინიერთა კორპუსთან სხვადასხვა მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი უწყებების შესაძლებლობების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მალე გახდება FIEP-ის (ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანება) წევრი და ამ მიზნის მისაღწევად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი სისტემა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რისთვისაც იტალიელი კარაბინიერების გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იტალიაში საქართველოს პოლიციის ატაშეს მუშაობის მნიშვნელობაზე, რომელიც იტალიის სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის ატაშე იტალიაში 2016 წელს რომში, თავისი პირველი სამუშო ვიზიტის დროს წარადგინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს“. მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგის მართვის, მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციების, ახალი ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და ლოჯისტიკის, ექსპერტების გაცვლის და ერთობლივი სემინარების ორგანიზების მიმართულებით.