შინაგან საქმეთა მინისტრი აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს შეხვდა. აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებთან და მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
,,დღეს ძალზედ მძიმე დღეა. ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ პატივი მივაგოთ და ქედი მოვიხაროთ თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც სიცოცხლე შესწირა 2008 წელს ომში ქვეყნის ერთიანობას, თუმცა ამასთან ერთად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი უპირველესი ვალია ვიზრუნოთ მათ ოჯახებზე და პირველ რიგში მათ შვილებზე, რასაც ყოველწლიურად ვცდილობთ გავაკეთოთ. ყურადღება მივაქციოთ მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს.. მათთან ერთად ქედს ვიხრით და ვგლოვობთ, მათი შვილები, ჩვენი შვილებიც არიან “- განაცხადა გიორგი გახარიამ.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. სამინისტრომ 19-ვე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს ტრადიციულად, მატერიალური დახმარება გაუწია. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა გმირობის ისტორიები.