შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადება იწყება. სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ODIHR-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დღეს გაფორმდა.
შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის აპრილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე ტრენინგ პროგრამა დაინერგება. ახალი პროგრამა სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება.
დისკრიმინაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა. გამოძიების ხარისხისა და პოლიციელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას.