ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია - სახელწოდებით „კუში -2“ ჩაატარა. სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი.
სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა. მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული სპეცოპერაციის საშუალებით გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც, ეროვნებით სომეხ „კანონიერ ქურდთან“ ერთად, ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ.
სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდის, ბარსელონას, ვალენსიას, ალიკანტეს, ალბასეტეს, მურსიას, ჟირონასა და გრანადას პროვინციებში ესპანეთში მოქმედი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 „კანონიერი ქურდი“ დააკავეს. ისინი, ძირითადად, სომხური წარმოშობის პირები არიან.
ამავე სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდსა და ვალენსიაში დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, ეროვნებით ქართველი - 1971 წელს დაბადებული პ.ჯ. და 1974 წელს დაბადებული მ.კ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.ჯ. აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში. მას სახლში ძვირფასი ლითონების გადამამუშავებელი უკანონო საამქრო ჰქონდა მოწყობილი, სადაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნაქურდალი ძვირფასეულობის გადადნობა, მისგან ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების დამზადება ხდებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, მ.კ. კი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკანონო გზით მოპოვებულ ფინანსებს განკარგავდა.
ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქე ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდება. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ს 515-ე და 301-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც კრიმინალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.
სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ბრალად ედებათ კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, საცხოვრებელ სახლებში უკანონო შეღწევა, ავტომობილებით უკანონო ვაჭრობა, თამბაქოს კონტრაბანდა, იარაღის უკანონო ფლობა, დოკუმენტაციის გაყალბება, თაღლითობა, გამოძალვა და კორუფცია სპორტულ გარიგებებში.
აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფების გამოსავლენად გამოძიება რამდენიმე ეტაპად, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოძიების ფარგლებში, საწყის ეტაპზე, გასული წლის 28 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქართული კრიმინალური დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი დააკავეს, რომელსაც „კანონიერი ქურდი“ - კახა შუშანაშვილი ხელმძღვანელობდა.
ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია „კუში“ ევროპოლმა და ინტერპოლმა შეაფასეს, 2010 წლიდან დღემდე, ყოფილი საბჭოთა წარმოშობის საერთაშორისო ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, აგრძელებს ევროპოლთან, ინტერპოლთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან აქტიურ თანამშრომლობას.