შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი - 2000 წელს დაბადებული ლ.ც., 2002 წელს დაბადებული გ.ნ. და 2001 წელს დაბადებული ლ.წ. დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა, მიმდინარე წლის 23 ივლისს, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონი და ტანსაცმლის მაღაზიები გაქურდეს, ასევე, იქვე მდებარე სამკერვალოს გაქურდვა სცადეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნაქურდალი თანხა ჯამში 11 650 ლარს შეადგენს, რომლის ნაწილი სამართალდამცველებმა ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი, დიდი ოდენობით ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 19-177 მუხლით მიმდინარეობს.