ჩვენი არქივი, რომელიც მოიცავს საბჭოთა პარტიულ და უშიშროების საარქივო მასალებს, ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის - მკვლევარებისთვის, ჟურნალისტებისთვის, თუ წარსულის შემეცნებით და ინტერესებული ადამიანისთვის.
ჩვენი მიზანია, დავიცვათ და მომავალ თაობებს გადავცეთ არქივში დაცული უნიკალური მასალები; გავუადვილოთ არქივში მუშაობის პროცესი და მკვლევარებს შესაბამისი პირობები შევუქმნათ; მოვემსახუროთ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, მოიძიონ მასალები მათი წინაპრების შესახებ.
ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ რამდენიმე მსხვილ პროექტს ვახორციელებთ.
მათგან უმთავრესი აარქივის ფონდებში დაცული მასალების ელექტრონულ ფორმატში გადატანა და ელექტრონული მომსახურების დანერგვა, ასევე მონაცემთა ბაზების სრულყოფა და დახვეწა. ეს დაგვეხმარება როგორც უნიკალური ფონდების უკეთ დაცვაში, ისე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. ამ საქმეში ჩვენთან თანამშრომლობენ ისეთი ცნობილი საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტები, როგორებიცაა: სტენფორდის უნივერსიტეტის, ჰუვერის ინსტიტუტი (აშშ), ჰოლოკოსტის მუზეუმი (აშშ), რურის უნივერსიტეტი (გერმანია) დასხვა.
ჩვენი პარტნიორია მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი.
ჩვენი პრიორიტეტია საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელება: გამოვცემთ ფონდებში დაცულ მასალებს, ორენოვან ჟურნალ "საარქივო მოამბეს", თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ვმართავთ გამოფენებს, ლექცია-დისკუსიებსა და სხვა სახის ღონისძიებებს. ამით ჩვენ ვცდილობთ, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია საბჭოთა წარსულისშესახებ.
საქართველო, ისევე როგორც ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ერთადერთია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, სადაც პარტიული და უშიშროების არქივები მთლიანად გაიხსნა.
ჩვენ გვჯერა, რომ საჯაროობა საუკეთესო პასუხია ტოტალიტარული წარსულის დასაძლევად.