112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ზოგადი ინფორმაცია

ნარკოტიკების მოხმარება ხშირად ინტერესის გამო ან მიმბაძველობით იწყება. ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ, თუ რა ნეგატიური ზეგავლენა აქვს ამა თუ იმ ნარკოტიკულ საშუალებას მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, სოციალურ გარემოზე და ზოგადად, მთელ ცხოვრებაზე. როგორც წესი, ნარკოტიკის მოხმარება პირველ ეტაპზე ასოცირდება სიამოვნების მიღებასთან, გართობასთან. უმეტესად, ხდება შეთავაზება მეგობრების, მეზობლების, ნაცნობების მხრიდან, რომლებიც მათ რეკლამირებას ახდენენ. ნარკომოვაჭრეებმა, შესაძლებელია, უფასოდაც გასცენ ფსიქოაქტიური ნივთიერება იმის მოლოდინში, რომ ეს პირი მალე მათი პოტენციური კლიენტი გახდება.

ბევრს ჰგონია, რომ ადვილად შეძლებს ამ ნივთიერებების მოხმარებაზე უარის თქმას. თუმცა, რაც დრო გადის, ადამიანს უფრო მეტი დოზა სჭირდება სიამოვნების მისაღებად. სიამოვნების მიღებისა თუ გართობის ერთჯერადი, ცალკეული შემთხვევები თანდათან გადაიზრდება ჩვევაში, მოთხოვნილებაში, ცხოვრების სტილში, რომელიც ადამიანის კოტროლს აღარ ექვემდებარება. ადამიანი კარგავს თავისუფალ ნებას, დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და, პრობლემისგან თავის დაღწევის მაგივრად, რაც, თავისთავად, მოჩვენებითია, ადამიანი უფრო მეტ პრობლემას ხვდება, იქნება ეს ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური თუ სოციალური პრობლემა. თუმცა, მთავარ პრობლემას წამალდამოკიდებულება წაარმოადგენს.

ნარკოდამოკიდებულის მთელი დღე გადის ფსიქოაქტიური ნივთიერების მოპოვებასა და მოხმარებაზე ფიქრში და მცდელობაში. მას უყალიბდება, როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური დაუძეველი ლტოლვა ფსიქოაქტიური ნივთიერებისადმი. ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. შესაბამისად, ნარკომანია არ არის მხოლოდ ცალკეული ინდივიდის პრობლემა და იზოლირებულად აღებული მისი მდგომარეობა. არამედ, ამ დაავადების კომპლექსურობა და დაძლევის სირთულე სწორედ მისი უარყოფითი ზემოქმედების ფარგლებია, რომელიც ხშირად ოჯახების ნგრევის, დანაშაულის ჩადენის, ანტისაზოგადოებრივი და არაჯანსაღი დამოკიდებულებისა და აზროვნების, და სოციალური ნგრევის პროცესში აისახება.

ნარკოტიკების მოხმარების უარყოფით შედეგებს შორის ნიშანდობლივია ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინექციური გზით მოხმარების შედეგად გადამდები ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე. მაგალითად, აივ/შიდსით ინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებული ნემსის/შპრიცის მოხმარების შედეგად ადამიანი ინფიცირდება იმუნოდეფიციტის ვირუსით, რომელიც იწვევს დაავადების - აივ ინფექციის განვითარებას და შემდგომში, ძლიერი იმუნური დეფიციტის ფონზე, სხვადასხვა დაავადების განვითარების გამო - სიკვდილს.

ასევე, ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების შედეგად განვითარებული ინფექციური დაავადებებია: ვირუსული B ჰეპატიტი - ღვიძლის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ მდგომარეობაში; C ჰეპატიტი, რომელმაც, ქრონიკულ ფორმაში გადაზრდის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი და კიბო.

ნარკომოხმარების უარყოფით შედეგებს შორის განსაკუთრებით საშიშია სიკვდილიანობის შემთხვევები, რომელიც შეიძლება დადგეს ნარკოტიკების მოხმარებით არაპირდაპირ, მაგალითად, ზემოხსენებული ინფექციური დაავადებების შედეგად, ან პირდაპირ - ზედოზირების შედეგად. ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევებში ყურადსაღებია მომხმარებელთა სარისკო ქმედებები, როგორიცაა: მოხმარების ადრეულ ასაკში დაწყება; პოლი-ნარკომანია (რამდენიმე ნარკოტიკის ერთდროულად მოხმარება) და ალკოჰოლის მოხმარება; ინექციის მარტო გაკეთება. თუმცა, სხვა მომხმარებელთა წრეში გაკეთებისას, მწვავე მოწამვლის შემთხვევაში, გარშემომყოფთა რეაქცია ხშირად არ არის ადეკვატური და დროული. აგრეთვე, ძალიან სახიფათოა თავშეკავების პერიოდის შემდეგ მოხმარება, როდესაც მომხმარებლის ორგანიზმის ტელერანტობა, ანუ ამტანუნარიანობა ნარკოტიკისადმი დაქვეითებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დეპრესიის ისტორიის მქონე ნარკომომხმარებლებში ხშირია თვითმკვლელობის მცდელობები და შემთხვევები.

ინდივიდისა და საზოგადოების განვითარებაზე ნარკოტიკების მოხმარების ურთიერთმიმართების განხილვისას სათანადო ყურადღებას საჭიროებს ორსული ქალებისა და ნაყოფის, ახალშობილის ჯანმრთელობაზე მისი უარფოფითი შედეგები, მათ შორისაა: მუცლის მოშლა; ახალშობილის სიკვდილიანობა; ორსულობის დროს და მშობიარობისას ფიქსირდება სხვადასხვა ანომალიები; დედიდან ბავშვზე ინფექციური დაავადებების გადაცემის რისკი. ხშირ შემთხვევებში ასეთ ბავშვებს განვითარების შემდგომ ეტაპზე აღენიშნებათ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, აგრესიული გამოვლინებები, ქცევითი დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ნარკოტიკების მომხმარებელი მშობლების უარყოფითი ზეგავლენა შვილებზე. ასეთ დროს მშობელი, გადართულია რა ნარკოტიკების შოვნასა და მოხმარებაზე, საჭირო ყურადღებას არ უთმობს ბავშვის ფიზიკურ და სულიერ განვითარებას, სათანადოდ არ მონაწილეობს მის აღზრდაში, არ აძლევს მას ცხოვრების სწორ მაგალითს, უპასუხისმგებლოდ ეკიდება საკუთარ სტატუსს და როლს შვილთან მიმართებით. ასეთი ბავშვები ხშირად ხდებიან მშობლების მხრიდან შეურაცხყოფის მსხვერპლი, რაც, თავისთავად, უარყოფითად მოქმედებს მათი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციაზე.

განმარტებები

1. ფსიქოაქტიური ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და იწვევს მისი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას. სამედიცინო პოზიციებიდან, ფსიქოაქტივობა შეიძლება გამოიხატოს ამ ნივთიერებების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს) განსაკუთრებული ზემოქმედებით – მასტიმულირებელი, ამგზნები, დამამშვიდებელი, ძილის მომგვრელი, ჰალუცინაციების გამომწვევი და ა.შ. ეფექტებით. ამგვარად, ფსიქოაქტიური ნივთიერებები არის კრებითი სახელწოდება, რომელიც შეიცავს ცნს-ზე სპეციფიკურად მოქმედ ნივთიერებათა დიდ ჯგუფს (ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები).

2. ფსიქოტროპული ნივთიერებები - ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ უმაღლეს ფსიქიკურ პროცესებზე და ხშირად გამოიყენება მედიცინაში ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ. თავდაპირველად, ტერმინი ფსიქოტროპული ნივთიერებები”, ფსიქოტროპული პრეპარატები” არსებობდა მხოლოდ წმინდა პროფესიული, ანუ სამედიცინო და ფარმაკოლოგიური პოზიციებიდან - ეს არის სამედიცინო პრეპარატები, რომლებიც ფსიქიკურ პროცესებზე ახდენენ სპეციფიკურ თერაპიულ ან პროფილაქტიკურ ზემოქმედებას. 1971 წლიდან, ფსიქოტროპული პრეპარატების შესახებ ახალი საერთაშორისო კონვენციის მიღების შემდეგ, ამ ტერმინმა იურიდიული ელფერიც შეიძინა და, საერთაშორისო კონტროლის კონტექსტში, ფსიქოტროპული ნივთიერებად მიიჩნევა ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეტანილია „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ“ გაეროს 1971 წლის კონვენციის თანდართულ სიებში.

3. ნარკოტიკი – სამედიცინო თვალსაზრისით, ნარკოტიკი არის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და რომლის სისტემატურ მოხმარებას შედეგად მოყვება უარყოფითი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ნარკოტიკი არის ქიმიური ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომელიც განსხვავდება ადამიანის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელი ნივთიერებებისაგან (მაგ., საკვები) და რომლის მიღებაც იწვევს ორგანიზმის ფუნქციონირებისა და სტრუქტურის შეცვლას”.
იურიდიული თვალსაზრისით, ტერმინით ნარკოტიკული საშუალება” აღინიშნება ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნებისმიერი ნივთიერება და მცენარეული მასალა, რომელიც შეტანილია „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის თანდართულ სიებში. ტერმინი “ნარკოტიკული საშუალება” განისაზღვრება 3 კრიტერიუმით: სამედიცინო, სოციალური და იურიდიული. სამედიცინო კრიტერიუმი - თუ ცნს-ზე განსაკუთრებული ზემოქმედება განაპირობებს ნივთიერების არასამედიცინო მიზნით გამოყენებას; სოციალური კრიტერიუმი - თუ ასეთი არასამედიცინო გამოყენება მასშტაბურია და სოციალურად მნიშვნელოვანია; იურიდიული კრიტერიუმი - თუ ასეთი საშუალება ოფიციალურად ჩაითვლება ნარკოტიკად და შეტანილ იქნება ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში. სამართლებრივად, საშუალება მხოლოდ ამ სამი კრიტერიუმის ერთობლიობის შემთხვევაში ითვლება ნარკოტიკად. ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერება, მის ჭარბად მოხმარებაზე მონაცემების დაგროვების შემდეგ, შეიძლება მიეკუთვნოს ნარკოტიკებს ან ფსიქოტროპულ საშუალებებს. ნარკოტიკულ საშუალებად მიიჩნევა ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეტანილია გაეროს 1961 წლის ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთიანი კონვენციის თანდართულ სიებში.

4. პრეკურსორი – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადებისას.

5. საერთაშორისო კონვენციები ნარკოტიკებთან დაკავშირებით – საეთაშორისო შეთანხმებები: გაეროს 1961 წლის (1972 წლის შესწორებებით) ერთიანი კონვენცია „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“; გაეროს 1971 წლის კონვენცია „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“; გაეროს 1988 წლის კონვენცია „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. ამჟამად მოქმედი ეს სამი კონვენცია ქმნის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საერთაშორისო კონტროლის სამართლებრივ ბაზისს. საქართველოში რატიფიცირებულია გაეროს სამივე კონვენცია.

მშობლების, სკოლის და სხვა სოციალური ფაქტორების როლი

არასრულწლოვნების მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება განსაკუთრებით მწვავე საკითხია და, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. არასრულწლოვნები უმეტეს შემთხვევაში ინტერესის, ცნობისმოყვარეობის გამო იწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას. როგორც კვლევები მოწმობს, ადრეულ ასაკში ნარკომოხმარების შემთხვევებში ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების შემდგომი განვითარების რისკი გაცილებით მაღალია. მაგალითად, კვლევების თანახმად, ადრეულ ასაკში კანაფის პირველადი მოხმარება შემდგომში მისი ყოველდღიური მოხმარების ძლიერი ინდიკატორია.

ადრეულ ასაკში ნარკოტიკების მოხმარება ხშირად პრობლემურ ოჯახურ და სოციალურ გარემოზე მიმანიშნებელია. ამ დროს არასრულწლოვანი ვერ ახერხებს მის გარშემო შექმნილ რთულ ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ სიტუაციასთან შეგუებას (იქნება ეს ოჯახში, სკოლაში, თანატოლებთან, ა.შ.), მის წინაშე არსებულ სირთულეებთან გამკლავებას და მათზე ადეკვატური რეაგირების მოხდენას. ხშირად ეს კომპლექსური სიტუაციაა, როდესაც რამდენიმე პრობლემა ერთად იყრის თავს.

პრობლემურ რისკ-ფაქტორებს შორის გასათვალისწინებელია შემდეგი:
ა) ოჯახი: ბავშვები, რომელთა მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები მოიხმარენ ნარკოტიკებს, ადრეულ ასაკში ნარკომოხმარების ყველაზე მაღალი რისკის მატარებელ მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან. ეს დაკავშირებულია ოჯახში არსებულ ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებთან, ან ორსულობის დროს მშობლის მიერ ნარკომოხმარების შედეგად, ბავშვის განვითარებაზე ასახულ ნეირობიოლოოგიურ შედეგებთან. ოჯახში ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ოჯახში ძალადობას, ოჯახის წევრთა კრიმინალურ ქმედებებს უკავშირებენ აგრეთვე ბავშვების მიერ ნარკოტიკების მოხმარებას. ასევე, რისკ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაბალი განათლების დონის, არაადეკვატური დასაქმებისა და შრომითი პირობების მქონე ოჯახებს, როდესაც მშობელი შვილს ვერ აძლევს შესაბამის მაგალითს და ვერ უზრუნველყოფს მის დაცვას, მის განვითარებაზე სათანადო ზრუნვას.

ბ) სკოლა: კვლევებმა აჩვენა ურთიერთკავშირი ნარკომოხმარების საფრთხესა და სკოლისთვის ადრეულ ასაკში თავის დანებების, გაცდენების, საგანმანათლებლო პროცესში არასათანადო ჩართულობის, სკოლიდან გარიცხვის შემთხვევებს შორის.

ადრეულ ასაკში ნარკომოხმარების კუთხით რისკ-ჯგუფებს მიაკუთვნებენ უსახლკარო და ქუჩის ბავშვებს; ბავშვებს სოციალურად და კულტურულად გარიყული ჯგუფებიდან; სამართალდარღვევისა და ანტისაზოგადოებრივი ქმედებისკენ მიდრეკილ ბავშვებს. აღნიშნული სოციალური ფაქტორების ანალიზი პრობლემის მასშტაბის სრულად აღქმისა და გამოკვლევის საშუალებას იძლევა, რათა შემდგომში სწორად დაიგეგმოს რეაგირების მექაზმები.

საგულისხმოა, რომ ნარკომოხმარების პრობლემის მქონე ბავშვებს აღენიშნებათ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ქცევითი და ფსიქოლოგიური დარღვევები. არსებობს კავშირი ნარკოტიკების, განსაკუთრებით, კანაფის მოხმარებასა და შიზოფრენიის ადრეულ ფორმებსა და სხვა სახის ფსიქოლოგიურ დარღვევებს შორის, რაც კიდევ უფრო წარმოაჩენს პრობლემის სიმწვავესა და მასზე დროული რეაგირების მექანიზმების აუცილებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, ნარკომოხმარების პრობლემის დასაძლევად, განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან მიმართებით, დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ ფაქტორებს. ადრეულ ასაკში ნარკომოხმარებისას განსაკუთრებით გადამწყვეტია ოჯახისა და სკოლის ფაქტორები. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა/ჩარევა, როდესაც შეჯერებულია ჯანმრთლობის, განათლებისა და სოციალური სერვისები; ასევე, ამ პროცესში შესაძლებელია ჩართული იყოს მართლმსაჯულების სისტემის კომპონენტიც. აღნიშნული აქტივობების მიზანია, ზოგადად, პრობლემის, და მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შესაბამისი ჩარევა, სანამ სიტუაცია უმართავი გახდება და გადაიზრდება რეგულარულ მოხმარებაში და გამოიწვევს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს (ინფექციური დაავადებები, ზედოზირება და სხვ.).