112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

კოკაინი

კოკაინი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებაა მსოფლიოში. კოკაინი მცენარეული წარმოშობის ფსიქოსტიმულატორია. მასზე დამოკიდებულება ყალიბდება შეუმჩნევლად, მაგრამ მყარად. ტროპიკული მცენარის კოკას ფოთლებს ადამიანი ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინათ იყენებდა. მთებში მცხოვრები ინდიელები მას შიმშილისა და სიცივის შეგრძნების დასათრგუნად ღეჭავდნენ. კოკას ფოთლების რეგულარული გამოყენების გამო, 30-35 წლის ასაკში ისინი უკვე ღრმა მოხუცებს ჰგავდნენ.

თავისი ფარმაკოლოგიური მოქმედებით ის მიეკუთვნება ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორებს. მისი ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება იწვევს ძლიერ ფსიქიკურ დამოკიდებულებას. განსაკუთრებით სახიფათოა კოკაინის ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც ხშირად მწვავე არითმიების, გულის უეცარი გაჩერებისა და სიკვდილის მიზეზი ხდება. კოკაინის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების შედეგად ადგილი აქვს ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს, მძიმე დეპრესიას, პარანოიდულ (ბოდვით) მდგომარეობას, "კოკაინურ" ფსიქოზს, ჰალუცინაციებსა და თვითმკვლელობის მცდელობებს. კოკაინის ხანგრძლივი გამოყენებით და ზედოზირებით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ მეტისმეტად მოიმატა, ამიტომ კოკაინი, ჰეროინსა და ამფეტამინთან ერთად, განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკად განიხილება.

კოკაინით თრობისთვის დამახასიათებელია: ეიფორიის ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური განცდა, ენერგიის მატება, აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, არტერიული წნევის მატება, ოფლიანობა, გუგების გაფართოება, მადის დაკარგვა, შფოთვა, უძილობა.

კოკაინის რეგულარული მოხმარება იწვევს: არითმიას; ცხვირიდან სისხლდენას; ცხვირის ლორწოვანის დაზიანებასა და ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართებას; სმენის დაქვეითებას; პარანოიდულ ფსიქოზს, ჰალუცინაციებს; აგრესიულობას; გულყრებს, კომას; უეცარი სიკვდილის მიზეზი ამ დროს ყველაზე ხშირად არის გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და თავის ტვინში სისხლჩაქცევა.