112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

შინაგანაწესი

დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესი


მუხლი 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) მოთავსებული პირი ვალდებულია:

ა) ზუსტად დაიცვას იზოლატორში არსებული დღის განაწესი;

ბ) დაემორჩილოს და შეასრულოს იზოლატორის ადმინისტრაციის მოთხოვნები;

გ) იყოს თავაზიანი იზოლატორის თანამშრომლებისა და სხვა დაკავებული პირების მიმართ;

დ) გაუფრთხილდეს იზოლატორის ინვენტარს, მოწყობილობას და სხვა ქონებას;

ე) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო წესები;

ვ) დაიცვას სისუფთავე საკანში;

ზ) დაწვეს და ადგეს დადგენილ დროს, ამასთან ადგომის დროს გაასწოროს კუთვნილი საწოლი;

თ) საკნიდან გადაადგილების შემთხვევაში ხელები ჰქონდეს ზურგს უკან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 10.04.2013 წ.

მუხლი 2

1. დაკავებულ პირს ნებადართული აქვს საკანში თან იქონიოს და შეინახოს:

ა) ერთი კომპლექტი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ქუდი სეზონის მიხედვით;

ბ) ერთი წყვილი ღამის ტანსაცმელი, წინდა, ხელთათმანი;

გ) ერთი წყვილი ოთახის ჩუსტები ან სპორტული ფეხსაცმელი;

დ) ერთი ცალი კბილის ფხვნილი, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის და სარეცხის საპონი, პლასტმასის საპნის ყუთი, სავარცხელი;

ე) საკვები პროდუქტი და სხვადასხვა საოჯახო საგნები მიღებული ამანათით;

ვ) საკვები, მათ შორის – ყველი, ძეხვეული, ხილფაფა, კანფეტი, ჯემი, ბოსტნეული, ხილი, პურ-ფუნთუშეული, ხორცეული (ძვლის გარეშე), თევზი (ფხის გარეშე), წვნიანი, საწებელი;

ზ) სიგარეტი და ასანთი;

თ) სათვალე, პროთეზი, ყავარჯენი (შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის);

ი) მოსვლის დღიდან მიღებული წერილები და საბუთები, ქვითარი ფულის მიღებაზე და ძვირფასი ნივთების ჩაბარებაზე;

კ) იმ ავადმყოფთა კატეგორიის მქონე დაკავებულ პირებს, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ მედიკამენტური მკურნალობა – ექიმის ნებართვით შესაბამისი მედიკამენტები;

ლ) წიგნები და ჟურნალები.

მ) სტანდარტული ჭიქა, კოვზი;

ნ) მისი დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე არსებულ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ჩანაწერები კანონით დადგენილ ფარგლებში;

ო) მდედრობითი სქესის პირებს ჩამოთვლილის გარდა უფლება ეძლევათ ჰქონდეთ თან და შეინახონ საკანში: ორი თავსაფარი, რეიტუზი, ბინტი, ბამბა, კრემი, სხვა ჰიგიენური ნივთები, დანარჩენი ნივთები ინახება საწყობში და გადაეცემა მოთხოვნისამებრ.

2. დაკავებულ პირებზე საკნებში შესაბამისი ნებადართული საგნების, ნივთებისა და კვების პროდუქტების გადაცემაზე კონტროლს ახორციელებს უშუალოდ იზოლატორის უფროსი, რომელიც ასევე, თავის მხრივ, მისი შეხედულებისამებრ, ღებულობს გადაწყვეტილებას კონკრეტულ შემთხვევებში ამანათის გადაცემა-არგადაცემის შესახებ.

მუხლი 3

1. დაკავებულ პირს ეკრძალება:

ა) იზოლატორში ხმამაღალი საუბარი;

ბ) მიმოწერა, ლაპარაკი ან კედელზე კაკუნი, გვერდით მდებარე საკნებში მყოფ დაკავებულ პირებთან;

გ) სხვადასხვა საგნების დამზადება ან მისი დატოვება საკანში;

დ) რაიმე საგნის გადაგდება ფანჯრიდან, დადგომა ფანჯრის რაფაზე, მისვლა საკნის კარებთან სათვალთვალო ადგილზე, მისი დაკეტვა ან სხვა ამდაგვარის ჩადენა, რომელიც ხელს შეუშლის იზოლატორის თანამშრომლის საკანში შეხედვას ან შეღწევას;

ე) გააკეთოს წარწერა ან აღნიშვნა კედელზე, წიგნზე, ნივთზე ან საგანზე, რომელიც გადაცემულია ადმინისტრაციის მიერ, გააკრას კედელზე სურათები, ნახატები, ამონაჭერი წიგნებიდან, ჟურნალებიდან;

ვ) დაამზადოს ან ითამაშოს კარტი, ან გაერთოს რაიმე სხვა აზარტული თამაშებით;

ზ) სხეულის დაზიანება, საკუთარ სხეულზე ან სხვისთვის სვირინგის გაკეთება;

თ) პროდუქტის ან ნივთების ფანჯრის თაროზე დალაგება;

ი) მოწიოს სიგარეტი საკნის გარეთ იზოლატორის ტერიტორიაზე (გარდა გასასეირნებელი ადგილისა);

კ) წერილების, განცხადებების ან საჩივრების გაგზავნა დადგენილი წესის დარღვევით;

ლ) საკანში თან იქონიოს 50 სანტიმეტრზე მეტი ზომის ნებისმიერი სახის ნაჭრის ქსოვილი, ასევე თასმები და ზონრები.

2. იზოლატორში მოთავსებულ პირებს ეკრძალებათ იზოლატორში თან იქონიონ:

ა) სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.

ბ) ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა;

გ) სატრანსპორტო საშუალებები;

დ) ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები;

ე) ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები;

ვ) ოპტიკური ხელსაწყოები;

ზ) საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას, საფუარი, შაქარი;

თ) ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი;

ი) სუნამოები, ოდეკოლონები და სპირტზე დამზადებული სხვა ნივთიერებები;

კ) გადასამრავლებელი აპარატები;

ლ) დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, სანთებლები;

მ) ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები;

ნ) ბანქო;

ო) ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები;

პ) მობილური ტელეფონები;

ჟ) ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა);

რ) ტოპოგრაფიული რუკები და კომპასები;

ს) ფერადი ფანქრები, საღებავები, კოპირების ქაღალდები.

მუხლი 4

1. დაკავებული პირი ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას და სამართალ-სუბიექტობას.

2. შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია დაკავებულ პირად ყოფნის რეჟიმთან, დგინდება მხოლოდ კანონით.

3. დაკავებულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება, მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შეშლის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.

4. იზოლატორის პირობები არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსეული არსებობის უფლებას, მის პატივსა და ღირსებას, პიროვნების ხელშეუხებლობას და უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის მიერ საკუთარი თავის დაცვის უნარს.

5. იზოლატორში მოთავსებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს იზოლატორის მოსამსახურეთა ქმედებები ზემდგომ ორგანოში, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაგირებისათვის.

6. იზოლატორში მოთავსებულ უცხოელ მოქალაქეს უფლება აქვს, კონტაქტი დაამყაროს მათი მოქალაქეობის სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული პირის მოქალაქეობის სახელმწიფოს არ გააჩნია არც დიპლომატიური და არც საკონსულო წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, ან თუ მას არ აქვს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა, ან ლტოლვილია, მაშინ ასეთ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუკავშირდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც თავის თავზე აიღებს მისი ინტერესების დაცვას ან იმ ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანოს, რომლის ამოცანაა ასეთი კატეგორიის პირების დაცვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №879 - ვებგვერდი, 06.11.2014 წ.