შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა კატასტროფების შედეგ...
26-09-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

20-25 სექტემბერს, ქალაქ ლვოვში (უკრაინა), ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა (EADRCC) და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლება „უკრაინა 2015“.

ღონისძიებაში 22 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 1100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ვარჯიშში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო დანაყოფის 15 წევრი. საქართველოს დელეგაცია შედგებოდა 2 ქვეჯგუფისაგან: ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული კატასტროფების შედეგებზე რეაგირების დეკონტამინაციის ქვეჯგუფი და სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების ქვეჯგუფი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა სწავლებაში მოწვეული საპატიო სტუმრისა და დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო.

სწავლების მიზანს წარმოადგენდა ფარტომასშტაბიანი კატასტროფების დროს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გამოვლენა და საერთაშორისო სამაშველო დანაყოფების მხრიდან კატასტროფების შედეგებზე კოორდინირებული რეაგირება. ასევე, "INSARAG"-ის (საერთაშორისო საძიებო-სამაშველო მრჩეველთა ჯგუფი) ამოცანების შესრულება და ქვეყნებს შორის სამაშველო ოპერაციების გამოცდილების გაზიარება.

ნატო-სა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სამაშველო ჯგუფის მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სამაშველო ოპერაციები და სააგენტოს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადეს ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისათვის.