შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა ღია კარის დღე გამართეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამართლის პროგრამაზე სწავლის მსურველებმა. აბიტურიენტებს შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი პაატა ტურავა შეხვდნენ. ღია კარის დღის მიზანს წარმოადგენდა შსს-ს აკადემიის სამართლის საბაკალავრო პროგრამით აბიტურიენტების დაინტერესება და აკადემიაზე არჩევანის გაკეთება.
აღნიშნული პროგრამა შსს-ს აკადემიაში 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდება და მას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. პროგრამა მიზნად ისახავს უწყების მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გავრცელებას და სტუდენტებისათვის აღნიშნული სფეროში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და სამართლის სფეროში გამოჩენილი სპეციალისტები, რომლებიც უახლესი მეთოდებისა და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან. საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებულია საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელი სასწავლო კურსები, რომელთა გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შსს-ს აკადემიაში. საბაკალავრო პროგრამა 4 წლიანია და 240 კრედიტს მოიცავს. პროგრამა ასევე მოიცავს საპოლიციო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შესაძენ კომპონენტებს, რაც მას უნიკალურს ხდის განათლების ბაზარზე.
როგორც აბიტურიენტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, შსს-ს აკადემიის კურსდამთავრებული იქნება დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, მაღალი სამართლებრივი შეგნების მქონე, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი.