შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს ეწვია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტისა და გადაზიდვების ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ოკ-რიდჯის ეროვნული ლაბორატორიის ექსპერტები გერი სალივანი და პაულ სინგლი. სტუმრებს შეხვდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილი და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო ტრანსპორტირების, საჭირო ტექნიკური აღჭურვილობისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხები.
სტუმრები აგრეთვე გაეცნენ ქვეყანაში აღმოჩენილი უკონტროლოდ არსებული რადიოაქტიური წყაროების ამოღების, ტრანსპორტირების, მისი დაცვისა და საცავში განთავსების პროცედურებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ რადიაციული საფრთხეების შემცირების სფეროში პერსონალის გადამზადებისა და რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო ტრანსპორტირების კუთხით თანამშრომლობაზე.