ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. 19 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტერორიზმის შესახებ ქვეყნების ანგარიში. დოკუმენტი ასახავს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში არსებულ სურათს 2017 წლის მდგომარეობით და მასში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის შეფასებული.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრი, მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ჩართული იყო სხვადასხვა ორმხრივ წვრთნებში და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში. ანგარიშში საუბარია მაისში „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ქმნის სამართლებრივ საფუძველს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის ორმხრივად გაცვლის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს სამხედრო თავსებადობის გაზრდისთვის.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით და აღნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.
ანგარიშში ასახულია საქართველოს მიერ საზღვრის დაცვის გაძლიერების მიმართულებით გატარებული ღონისძიებები და აღნიშნულია, რომ საქართველომ გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა სახმელეთო საზღვრის ხუთ სასაზღვრო სექტორზე (ოთხი აზერბაიჯანის და ერთი თურქეთის საზღვართან) და დაამატა ოთხი სასაზღვრო სექტორი თურქეთის საზღვართან. საქართველომ ასევე შექმნა რისკებისა და საფრთხეების შეფასების განყოფილება, რომელიც მუშაობს ევროპული ინფორმაციის ანალიზის საერთო მოდელის შესაბამისად და ხელი მოაწერა ტაქტიკურ მემორანდუმს ნატო-ს გაერთიანებულ საზღვაო სარდლობასთან, რაც ხელს უწყობს ნატო-სა და საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს შორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას. მემორანდუმის საფუძველზე, საქართველო არის ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველის“ (Sea Guardian) არაოპერატიული პარტნიორი.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აწარმოებს საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის საპილოტე პროგრამის წინამოსამზადებელ სამუშაოებს. უახლოეს მომავალში პროგრამა ამოქმედდება თბილისის ერთ-ერთ უბანში და მისი მიზანია არსებული ხარვეზების იდნეტიფიცრება პროექტის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობისთვის.
ანგარიშში აღნიშნულია, საქართველომ ხელი მოაწერა ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ევროპოლთან, ასევე, გერმანიასთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებებს საბერძნეთთან და შვედეთთან, რომლებიც ორიენტირებულია სამართალდაცვით სფეროში შემდგომ თანამშრომლობაზე. თანამშრომლობის შესახებ მსგავსი შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს 28 ქვეყანასთან.