საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, ამავე დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს დელეგაცია საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის რეაგირების ჯგუფის ცენტრალურ ოფისში ჯგუფის მეთაურს, გენერალ დ. ბონოს შეხვდა. გენერალმა ქართულ მხარეს ეროვნული ჟანდარმერიის რეაგირების ჯგუფის საქმიანობა, სტრუქტურა გააცნო და ოპერაციების დაგეგმვისა და მართვის შესახებ ისაუბრა. მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შსს-ს დელეგაცია საფრანგეთის ეროვნული პოლიციის ელიტური დანაყოფის „RAID“-ის დივიზიის ბაზასაც ეწვია. ფრანგულმა მხარემ სტუმრებს დანაყოფის საქმიანობის და ქიმიური, რადიოლოგიური, ბაქტერიული და ბირთვული განყოფილების აღჭურვილობისა და სპეციფიკის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინა, დანაყოფის ბაზა დაათვალიერებინა და პირადი შემადგენლობა გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა, ასევე, პარიზის სწრაფი რეაგირების ბრიგადის ხელმძღვანელებთან. შსს-ს დელეგაციის წევრები სწრაფი რეაგირების დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ. მხარეებმა სამომავლოდ ერთობლივი წვრთნების ჩატარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს ორგანიზებითა და რეკომენდაციით, დელეგაციამ შეხვედრები გამართა „Renault Truck Defense“-ისა და „Nexter“-ის კომპანიების წარმომადგენლებთან. აღნიშნული კომპანიები მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფენ როგორც საფრანგეთის, ასევე სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებების მომარაგებას შესაბამისი ტექნიკით, აღჭურვილობითა და სხვადასხვა სახის თანამედროვე ინვენტარით.