შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 პირი: 1983 წელს დაბადებული ზ.ო., 1993 წელს დაბადებული ქ.კ. და 1990 წელს დაბადებული ლ.ზ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა სამივე პირი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ზ.ო.-ს მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ზ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას და ქ.კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).