შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ანუ კუდ-ის თანამშრომელი - 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ანუ სოდ-ის თანამშორმელი - 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე, 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი ანგარებით ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით).