შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მცხოვრები, 1987 წელს დაბადებული ნათია შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 187 აბი „ექსტაზი“ და 0,04218 გრ კოკაინი ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 166 აბი 7,2303 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს, ხოლო 21 აბი 0,10489 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ამფეტამინს და 0,0524 გრ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).