შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ჭიათურაში დაკავებული ერთ-ერთი პირის ახლობლების განცხადებებს.
2018 წლის 27 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს - მიხეილ გიგაურს და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - ვეფხვია შეყილაძეს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შემოვლაზე იმყოფებოდნენ, წინააღმდეგობა გაუწიეს: 1989 წელს დაბადებულმა ლ.მ.-მ, 1987 წელს დაბადებულმა ზ. ნ.-მ, 1997 წელს დაბადებულმა დ.გ.-მ, 1989 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ, 1974 წელს დაბადებულმა ბ.კ.-მ, 1978 წელს დაბადებულმა პ.კ.-მ და წარსულში არაერთგზის, მათ შორის, მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევმა, 1988 წელს დაბადებულმა თ. გ.-მ, რომელმაც, ხელის დარტყმით, სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მიხეილ გიგაურს.
დანაშაულში მხილებული თ. გ. შემთხვევის ადგილზევე იქნა დაკავებული სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც შეეხება მის თანხმლებ პირებს, ისინი სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მათ სახდელის სახით 100-დან 300 ლარამდე ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
თ.გ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის, დაზარალებულთა დაზიანებული ტანსაცმლისა და სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულ მიხეილ გიგაურისა და იური ლომიძის, ასევე, საქმეზე დაკითხული სხვა 11 მოწმის გამოკითხვებით, დაზარალებულ მიხეილ გიგაურის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ადმინისტრაციულად დაკავებული დ.გ.-ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და მის მიერ წარმოდგენილი ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერით. მოსამართლემ თ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
2018 წლის 4 ივნისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობა დაიწყეს თ. გ.-ს ახლობლებმა, რომლებიც სამართალდამცველებს თ.გ.-სა და მისი თანმხლები პირების დაკავების დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. ბრალდებასთან დაკავშირებით, დასავლეთ საქართველოს რაიონულმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ასევე, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას.
თუ დადასტურდა, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, თ.გ.-ს ბრალეულობა დასტურდება. მის ბრალეულობაზე უკვე იმსჯელა სასამართლომაც, პირველი წარდგენის სხდომაზე და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ბრალდებულის მიმართ შეკრებილი მტკიცებულებების საკმარისობას წინასასამართლო სხდომაზე და შემდგომ უკვე არსებითი განხილვის სხდომაზე შეაფასებს.
ბრალდებულის ახლობლების მოთხოვნები მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და პროტესტის გამოხატვის ფორმა მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულის მიმართ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და მიმდინარეობს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები.