მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ე.წ. ონლაინ თამაშთან - „ლურჯი ვეშაპი“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში მიმდინარე წლის 30 მაისს დაიწყო გამოძიება ონლაინ თამაშის - „ლურჯი ვეშაპის“ შემქმნელების მიერ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის, ასევე, კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მიმდინარე გამოძიების პროცესში, პოლიციამ დეტალურად შეისწავლა უკლებლივ ყველა შეტყობინება, რომელიც შეეხებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ „ლურჯი ვეშაპის“ შესაძლო თამაშის ფაქტებს. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურს მიეცა მითითება, თუკი რომელიმე მოსწავლეს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებას, მათ შორის, ნაკაწრის სახით, შეამჩნევდნენ, პოლიციისთვის ეცნობებინათ.
სამართალდამცველებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, რამდენიმე ათეული არასრულწლოვანი გამოკითხეს. გამოძიება თითოეული შეტყობინების თუ განცხადების საფუძვლიანად და სიღრმისეულად გამოძიების მიზნით, გარდა არასრულწლოვანთა გამოკითხვისა, აქტიურად იყენებდა კვალიფიციური ფსიქოლოგების დახმარებას. ასევე, განხორციელდა არასრულწლოვნების სოციალური ქსელის პირადი პროფილების, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების დათვალიერება. ამასთან, მიმდინარე გამოძიების პროცესში, არაერთი სხვა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა.