ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკვე დაკითხულია 20-მდე პირი, მათ შორის, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც.
მუხლის კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება დასრულდება და გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სრული სურათი ექნება.