შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განსახილველად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ ინიციატივა წარადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელშიც გაიწერა საურავების დაკისრების ახალი მექანიზმი, კერძოდ თუ პირი არ გადაიხდის ჯარიმას, მას დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. მაგალითისთვის, ახალი ინიციატივის მიხედვით, 10-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს დაერიცხება საურავი 20 ლარის ოდენობით. საურავის დაკისრების ამგვარი მექანიზმი ხელს შეუწყობს თანაზომიერების პრინციპის განმტკიცებას და ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში ადეკვატური ოდენობის სახდელის დანერგვას.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოქალაქე დადგენილ 30 დღის ვადაში ვერ გადაიხდის მასზე დაკისრებულ ჯარიმას, 100 ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში - მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.
ჯარიმა საურავი პროექტის მიხედვით
10 20
20 40
40 80
50 100
100 200
150 300
200 400
250 500
300 500
500 500
700 500
1000 500
1500 500
ჯარიმა საურავი მოქმედი
10 150
20 150
40 150
50 150
100 500
150 500
200 500
250 500
300 500
500 500
700 500
1000 500
1500 500
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე შეიმუშავა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული მართვის უფლების ადღგენის შემდეგი ფორმულა: თუ ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი გადაიხდის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ორმაგ ოდენობას, სამართალდამრღვევს აღუდგება ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისთვის ჩამორთმეული მართვის უფლება, ხოლო თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს – მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელი იქნება დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ერთნახევარი ოდენობის გადახდის (მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის) შემთხვევაში.
მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო შეჩერებული მართვის უფლების დასაბრუნებლად მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საურავი და დამატებით 500 ლარიანი ჯარიმა, თუ მართვის უფლება შეჩერებულია 6 თვის ვადით, ხოლო თუ შეჩერებულია 1 წლის ვადით – საურავთან ერთად 1000 ლარიანი ჯარიმა.
პროექტით წარმოდგენილი გამოანგარიშების სისტემა
ჯარიმის ოდენობა
საურავის ოდენობა
(ჯარიმის ორმაგი ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა) შეჩერებული მართვის უფლების აღსადგენი თანხის ოდენობა
ა) 100 ლარიან და უფრო მცირე ჯარიმებზე - ჯარიმისა და საურავის ორმაგი ოდენობა;
ბ) 100 ლარის ზევით ჯარიმებზე - ჯარიმისა და საურავის ერთნახევარი ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
10 20 60
20 40 120
50 100 300
100 200 600
150 300 675
200 400 900
250 500 1125
300 500 1200
400 500 1350
500 500 1500
600 500 1650
700 500 1800
800 500 1950
1000 500 2000
1500 500 2000
გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯარიმის გადახდა ხდება სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. მოქალაქეები ხშირად ვერ ამჩნევენ ტერმინალების მომსახურებისთვის დაწესებული საკომისიოს არსებობას და სახელმწიფო ბიუჯეტში ხორციელდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობის არასრულად ჩარიცხვა. აღნიშნულის საფუძველზე, ჯარიმა არ ითვლება გადახდილად, შესაბამისად მათ ეკისრებათ საურავი და დადგენილი ვადით უჩერდებათ მართვის უფლება. როდესაც მოქალაქისთვის ეს ხდება ცნობილი, ის მიმართავს საპატრულო პოლიციას საურავისა და მართვის უფლების შეჩერების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
შსს-ს ინიციატივით, ასეთ შემთხვევებში სამართალდამრღვევს მიეცემა შესაძლებლობა გადაიხადოს საბანკო დაწესებულებისა თუ ელექტრონული გადახდის საშუალებით მომსახურებისთვის დადგენილი საფასური (1-დან 3 ლარამდე), და აღნიშნულის შესახებ მიმართოს საპატრულო პოლიციას დარიცხული საურავის გაუქმებისა და მართვის უფლების აღდგენის შესახებ.