საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა.
გიორგი გახარია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ე.წ. "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეები ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და დანაშაულის გამოძიების მიზნით ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფოთშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირება მოხდა, რომლის წევრებიც ორგანიზებულ დანაშაულთან და ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" ბრძოლას კოორდინაციას გაუწევენ.
გიორგი გახარიამ და არსენ ავაკოვმა შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზეც.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინელ კოლეგას საქართველოს ევროპოლთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ესაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით, ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნებში სანაპირო დაცვის მნიშვნელობა, საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და უწყებათშორისი თანამშრომლობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და უკრაინის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობა დადებითად შეაფასა: „თქვენი კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი ევროპაში საუკეთესოა. ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ოფიცერი, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოვიწვიოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.