კანაფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოებულ და ხშირად მოხმარებად უკანონო ნარკოტიკს მსოფლიო მასშტაბით. გაეროს ნაკოტიკების მარეგულირებელი კონვენციების თანახმად, კანაფი წარმოადგენს საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას. კანაფის მოხმარება ხორციელდება შემდეგი ფორმით: მცენარე კანაფი, გამხმარი ფოთლები და წვეროები ყვავილებით; კანაფის ფისი, კანაფის ზეთი და კანაფის ნაყენი (მანაგუა).
კანაფის აქტიური კომპონენტი - THC (დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი) მოქმედებს ტვინის იმ ნაწილების რეცეპტორებზე, რომელიც დაკავშირებულია კონცენტრირებასთან, მეხსიერებასთან, შემეცნებასთან, კოორდინაციასთან, ქცევის კონტროლთან. კანაფის მოხმარების შედეგად, გულისცემა გახშირებულია, ზოგჯერ გაორმაგებული; სასუნთქი გზები მოდუნებულია და გაფართოებული; თვალები გაწითლებულია, სისხლძარღვების გაფართოების შედეგად. კანაფის მომხმარებელი განიცდის ეიფორიას და მოდუნებას, მაგრამ, ზემოქმედების ეფექტის გასვლის შემდეგ, ზოგი დეპრესიული ხდება, ზოგი - აღგზნებული ან შეშინებული, ზოგს აწუხებს პარანოიდული აზრები ან მწვავე ფსიქოზის განცდა.
კანაფის მოხმარება უარყოფითი გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, მათ შორის, ახალი ინფორმაციის დამახსოვრებაზე, სწავლაზე, ყურადღების კონცენტრაციის და მოძრაობათა კოორდინაციის უნარებზე, რეაგირების სისწრაფეზე, ინფორმაციის დამუშავებაზე. ეს შედეგები შეიძლება გაგრძელდეს კანაფის მოხმარების შეწყვეტიდან 28 დღემდე. სამეცნიერო დონეზე განმტკიცებული მიდგომის თანახმად, მოზარდის ტვინი, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, განსაკუთრებით მგრძნობიარეა მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკების მოხმარების უარყოფითი შედეგების მიმართ.
კანაფის ხანგრძლივი რეგულარული მოხმარება იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. კანაფზე დამოკიდებულება, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ნაწილში. პირი, რომელიც ცდილობს თავი დაანებოს კანაფის მოხმარებას, განიცდის აღკვეთის სინდრომს, რაც გულისხმობს გაღიზიანებას, აღგზნებას, უძილობას, მადის დაკარგვას, დეპრესიას. ახალგაზრდები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან კანაფის მოხმარებისკენ. კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება კანაფის მოხმარების დაწყება, მით მეტია მისი ავადმოხმარების და მასზე დამოკიდებულების განვითარების რისკი.
კანაფის წარმოების მეთოდების დახვეწის შედეგად, ბოლო წლებში გაიზარდა კანაფში THC შემცველობა, რაც, თავი მხრივ, ზრდის გაღიზიანების, დეპრესიის და ფსიქოზის განვითარების ალბათობას, დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მომხმარებლებში და უარყოფითად მოქმედებს მათ სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე. შესაბამისად, გაიზარდა მკურნალობის პროგრამებში კანაფის მომხმარებელთა მიმართვიანობის რაოდენობა.
ხშირ შემთხვევაში კანაფის მოხმარება ხდება მოწევის გზით. შესაბამისად, ამგვარ მომხმარებლებს აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემები, მათ შორის, ხველა, მწვავე, ხშირი ტკივილი გულმკერდის არეში, ბრონქების და ფილტვების დაავადებები. კანაფის რეგულარულმა მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი. სიგარეტისგან განსხვავებით, კანაფის წევისას პირი უფრო ხანგრძლივ ჩასუნთქვას აკთებს, რაც უფრო მეტად აზიანებს მის სასუნთქ სისტემას. ასეთ დროს იზრდება ავთვისებიანი უჯრედების წარმოშობის რისკი. კანაფის მოხმარებისას, ასევე, ზიანი ადგება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რადგან მოხმარება იწვევს გულისცემის აჩქარებას. ეს განსაკუთრებით საშიშია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის.
ორსულობისას კანაფის მოხმარება საშიშია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის. ამასთან, კანაფთან ერთად, ხშირად დიდი ალბათობაა მომავალი დედის მიერ თამბაქოს, ალკოჰოლის, სხვა ნარკოტიკების მოხმარების და არასათანადო კვების, საკუთარ ჯანმრთელობასა და ნაყოფის განვითარებაზე არასათანადო ზრუნვის. ორსულობისას კანაფის მოხმარება აისახება ახალშობილის წონის ნაკლებობაზე. ასევე, ორსულობისას კანაფის მოხმარების შედეგად, ნაყოფს შეიძლება ჩამოუყალიბდეს მხედველობის სისტემის დაქვეითება, დაბადების შემდგომი კანკალი (ტრემორი); ხოლო მოზრდილ ასაკში ბავშვებს აქვთ გარკვეული სირთულეები შემეცნების პროცესში.
კანაფის მოხმარება დაკავშრებულია ფსიქოზურ სიმპტომებთან, შიზოფრენიასთან, აგზნებასთან და დეპრესიასთან. კვლევები ცხადყოფს, რომ იმ მოზარდებში, რომლებიც ადრეულ ასაკში იწყებენ კანაფის მოხმარებას, გაორმაგებულია ფსიქოზური აშლილობის განვითარების რისკი და გაოთხმაგებულია ილუზიებისა და ჰალუცინაციების სახით აღქმის დარღვევის განვითარების რისკი. ამასთან, კვლევებზე დაყრდნობით დგინდება, რომ რაც უფრო ხანგძლივია კანაფის მოხმარების პერიოდი, მით მეტია ფსიქოზთან დაკავშირებული შედეგების ჩამოყალიბების რისკი. ასევე, მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული კვლევების თანახმად, პირი, ვისაც 18 წლისთვის უკვე მოხმარებული აქვს კანაფი, გაცილებით მეტი საშიშროების წინ დგას, რომ დაუდგინდეს შიზოფრენიის დიაგნოზი, ვიდრე მათ, ვისაც საერთოდ არ მოუხმარია; ამასთან, შემთხვევათა დააახლოებით 13% -ში შიზოფრენიის შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, კანაფის მოხმარების პრევენცია თავის დროზე რომ განხორციელებულიყო.
ასევე, საგულისხმოა, რომ კანაფის მომხმარებლს დაქვეითებული აქვს მოტივაცია და უნარი, გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციებს, რამაც, შედეგად, შეიძლება გამოიწვიოს ალკოპოლის, ოპიოიდების და სხვა უკანონო ნარკოტიკების მოხმარება. ეს კიდევ უფრო აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას.
მსოფლიო მასშტაბით მკვლევართა საერთო პოზიციაა, რომ კანაფის მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის ავტოავარიების მოხდენის რისკს; ეს იმის ფონზე, რომ კანაფის მოხმარება ზეგავლენას ახდენს კოორდინაციის უნარსა და რეაგირების სისწრაფეზე. ავარიების გამომწვევ მიზეზებს შორის, ალკოჰოლის შემდეგ, კანაფის მოხმარებას მეორე ადგილი უჭირავს.
კანაფის მოხმარება ხშირად მოზარდობის პერიოდში იწყება, რაც განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს მოზარდების მეხსიერებასა და სწავლის უნარზე. კანაფის რეგულარულად მომხმარებელ მოზარდებს აღენიშნებათ მეხსიერების მოკლევადიანი დაქვეითება, ვიზუალური და ვერბალური ინფორმაციის დამახსოვრების პრობლემები. მოხმარების შეწყვეტიდან 6 კვირის შემდეგაც კი, მეხსიერების აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნება. მოზარდებს, ვინც აქტიურად მოიხმარს კანაფს, აქვთ ყურადღების მოკრების, ზეპირი მეხსიერების სირთულე, დაქვეითებული აქვთ თანმიმდევრობის უნარი, ქცევითი (ფსიქომოტორული) უნარები. კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის ხშირ მომხმარებლებს აღენიშნებათ მეხსიერების და ყურადღების იმგვარი დაზიანებები, რაც ზემოქმედების გასვლის შემდეგაც შენარჩუნებულია და თანდათან უარესდება კანაფის სისტემატური მოხმარების პარალელურად.
ნიშანდობლივია, რომ კანაფის მოხმარების უარყოფითი ზეგავლენა ყურადღების კონცენტრაციაზე, მეხსიერებაზე, სწავლის უნარზე, კვლევების დონეზე არის დადასტურებული.
მოზარდების შემთხვევაში, კანაფის მოხმარება იწვევს მათი მხრიდან სასწავლო პროცესში ჩართულობის ნაკლებობას, სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სკოლიდან გარიცხვის შემთხვევებს. მეორე მხრივ, მოზარდები კანაფის მოხმარებას ხშირად სწორედ სკოლაში პრობლემების ფონზე იწყებენ.
ცხოვრების შემდგომ ეტაპზე, კანაფის მოხმარება უარყოფითად მოქმედებს პირის დასაქმების პერსპექტივებზე. კვლევები ადასტურებს კანაფის მომხმარებელი დასაქმებულების მხრიდან სამსახურის ხშირ გაცდენებს, ნელა მუშაობას, შეცდომების დაშვებას.
ამასთან, კვლევები ადასტურებს კანაფის მოხმარების უარყოფით გავლენას პირის სოციალურ ცხოვრებაზეც. მომხმარებლისთვის უმნიშვნელო ხდება ოჯახური ცხოვრება, სამეგობრო წრე, თავისუფალ დროს სხვადასხვა საქმიანობით დაკავება. მომხმარებლისთვის ეს ყველაფერი ნაკლებად პრიორიტეტულია, კანაფის მოხმარებასთან შედარებით.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კანაფი, როგორც წესი, არის პირველადი მოხმარების ნარკოტიკი (ე.წ. „კარიბჭის“ ნარკოტიკი). კანაფის მოხმარება წინ უსწრებს სხვა ნარკოტიკების, მათ შორის, კოკაინის, მეთამფეტიმინის, ჰალუცინოგენების (LSD-სა და ექსტაზის ჩათვლით), უკანონოდ მოპოვებული სააფთიაქო ნაკოტიკების, ოპიატების, როგორიცაა ჰეროინი ან მორფინი, მოხმარებას. გაცილებით დიდია ალბათობა, რომ კანაფის მომხმარებელმა გასინჯოს სხვა ნარკოტიკი, ვიდრე არამომხმარებელმა, განსაკუთრებით, თუ მოხმარება ადრეულ ასაკში იწყება.
კანაფის მოხმარების მიზეზებს შორის, ყველაზე ხშირია გართობის მიზნით მოხმარება ან/და უბრალოდ გასინჯვა. ასევე, სხვა მიზეზებია: კანაფის მოხმარება სხვა ნარკოტიკის ეფექტის შესამცირებლად ან გასაზრდელად, დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პრობლემების საპასუხოდ, რეალობასთან, სოციალურ მოთხოვნებთან „შესაგუებლად“.
კანაფის მოხმარების მიზეზების განხილვისას აუცილებლად გასათვალისწინებელია რისკ-ფაქტორები და დამცავი გარემოებები. ეს ის ფაქტორებია/გარემოებებია, რომელიც ერთ შემთხვევაში ხელს უწყობს კანაფის მოხმარებას და მეორე შემთხვევაში ახორციელებს მისი მოხმარების პრევენციას. ლოგიკურია, რაც მეტია რისკ-ფაქტორები და ნაკლებია დამცავი გარემოებები, მით მეტია კანაფის ავადმოხმარების შესაძლებლობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპზევე მოხდეს ამ რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ამ კუთხით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. კვლევის თანახმად, რისკ-ფაქტორებს შორის აღსანიშნავია მოზარდობის პერიოდი, კანაფის მომხმარებელი თანატოლების წრეში ყოფნა, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა, მოსაზრება, რომ ნარკომოხმარება „მისაღები“ ქმედებაა. ამასთან, რისკ-ფაქტორებს შორის დიდ როლს თამაშობს ოჯახური გარემო. როდესაც ოჯახის წევრებს აქვთ პრობლემები ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან, ეს აისახება არასრულწლოვნის დამოკიდებულებასა და ქმედებებზეც. ასეთი მშობლები სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ ბავშვებს, ვერ აკონტროლებენ მათ ქმედებებს, უარყოფით მაგალითს აძლევენ, ვერ ეხმარებიან ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში, ასეთ ოჯახებში ნაკოტიკებზე ხელმისაწვდომობა მეტია. ასევე, ძალადობის შემთხვევები უბიძგებს მოზარდებს სტრესის „მოსახსნელად“ ნარკოტიკის მოხმარებისკენ. აქვე ნიშანდობლივია, რომ ნარკომოხმარება არ არის მხოლოდ ეკონომიკურად გაჭირვებული ოჯახების პრობლემა. კვლევებმა აჩვენა, რომ შეძლებულ ოჯახებში მოზარდები უფრო ხშირად მოიხმარენ კანაფს. მაგრამ ასეთ დროს ნარკოტიკზე დამოკიდებულების შემთხვევები ნაკლებია, რადგან, სავარაუდოდ, კონტროლის და ჩარევის შესაძლებლობები მეტია შეძლებულ ოჯახებში.
რისკ-ფაქტორების შემცირების პარალელურად, სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს პრევენციული გარემოებების გაძლიერებას, მათ შორის აღსანიშნავია: მშობლების მხრიდან ყურადღება და კონტროლი, ღირებულებებზე ორიენტირებული ოჯახური გარემოს შექმნა, დადებითი მაგალითის მიცემა ბავშვისთვის, აღმზდელობით პროცესში სკოლის ჩართულობა, ნარკოტიკებისგან თავისუფალი გარემოს შექმნა და საზოგადოების ჩართულობა ინდივიდის განვითარების პროცესში.
კანაფის მოხმარებასთან მიმართებით განსაკუთრებით ნიშანდობლივია მედიის გავლენა. თანამედროვე ინტერნეტ გარემოში თავისუფლად ვრცელდება გზავნილები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელს უწყობს და პოპულარულს ხდის ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკების მოხმარებას. სამწუხაროდ, ასეთ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა თავისუფლად აქვთ ბავშვებსა და მოზარდებს. ამასთან, მასმედიაში არასაკმარისად შუქდება ნარკომოხმარების დაძლევის და პრობლემური სიტუაციებიდან თავის დაღწევის გზები. ასევე, საგანგაშოა ცალკეული მუსიკის ტექსტებსა და ვიდეოებში ნარკომოხმარებისადმი დადებითი დამოკიდებულების წარმოჩენა, რაც უარყოფითად მოქმედებს არასრულწლოვანის ღირებულებების ჩამოყალიბების სისტემასა და განვითარებაზე.
მოზარდებს შორის კანაფის მოხმარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნარკოტიკების მოხმარების უარყოფითი შედეგების აღქმის ფაქტორს და მოხმარებისადმი განწყობას. კვლევები ცხადყოფს, რომ კანაფის მოხმარებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება და მის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების აღქმა არსებითად ახდენს გავლენას მოზარდების მიერ მისი გამოყენების ტენდენციაზე; უარყოფითი დამოკიდებულების გაზრდის შემთხვევაში მცირდება მოზარდების მიერ ნარკოტიკების ავადმოხმარება და პირიქით.
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე: იმის გათვალისწინებით, რომ კანაფი ხშირად პირველადი მოხმარების ნარკოტიკია არასრულწლოვნებს შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პრევენცია და ჩარევა/მკურნალობა ადრეულ ეტაპზევე, რათა შემდგომ მისი გამოყენება არ გადაიზარდოს დამოკიდებულებაში და სხვა ნარკოტიკების მოხმარებაში და, ასევე, არასრულწლოვანს ჰქონდეს ჯანმრთელ გარემოში განვითარების შესაძლებლობა.
კანაფის მოწევასთან დაკავშირებით ბოლო დროინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, კანაფი არის ჯანმრთელობისთვის საშიში. მისი მოხმარება დაკავშირებულია დამოკიდებულებასთან, შემეცნებითი უნარის დაქვეითებასთან, ქცევით დარღვევებთან, სასუნთქი, გულსისძარღვთა სისტემებისა და გონებრივ პრობლემებთან, და ამასთან, კანაფის მოხმარება მომეტებული რისკის შემცველია ორგანიზმის განვითარების პროცესში ბავშვებსა და მოზარდებთან მიმართებით.